TMG

რა არის TMG

ზოგადი მიმოხილვა

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან, ქვეყანაში ბოლო წლებში შექმნილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემოდან და სწრაფად განვითარებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, სულ უფრო დიდი ხდება ინტერესი მსხვილი, დასავლური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ, რისი ერთ-ერთი შედეგიც არის ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა თუ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით ქვეყანაში მზარდი რაოდენობით ჩამოსული უცხოური კომპანიები.

სხვა სფეროებთან ერთად, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 2003 წლიდან დაწყებული საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება სატელეკომუნიკაციო სექტორი და სულ უფრო მეტად პასუხობს იგი თანამედროვე მოთხოვნებს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა რეგიონში, ქვეყნის ბაზრის გახსნილობა და კონკურენტურიანობა, სულ უფრო მიმზიდველი ხდება იმ დიდი კომპანიებისთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის გაფართოვების თუ სატელეკომუნიკაციო სფეროში ინვესტირების მიზნით, ეძებს პარტნიორებს რეგიონში.

 

TMG – „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“

2010 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად ჩატარებული „სატელეკომუნიკაციო შეხვედრების“ სახით, ჩვენ, ღონისძიების ორგანიზატორები, აქტიურად ვუწყობთ ხელს აღნიშნულ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას. უკვე მე-6 წელია, ქვეყანაში შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები ევროპიდან, დსთ-დან, კავკასიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთდან, მათ შორის ისეთი ცნობადი და გავლენიანი კომპანიები, როგორიც „დოიჩე ტელეკომი“, „თურქ ტელეკომი“, „ტელია-სონერა“, „ტატა ქომუნიქეიშენს“, „ორინჯ“, „ტელეკომ იტალია“ და სხვა. მათი მიზანია, ახლოს გაიცნონ საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარი და საკუთარი საქმიანობის გაფართოვების თუ ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილების მიზნით, მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. შედეგად, საფუძველი ედება ახალ საქმიან კავშირებს და პარტნიორობებს, რაც ზოგადად, ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სფეროს პოპულარიზაციას და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

 

თარიღი და ფორმატი

TMG საქართველოში ყოველ შემოდგომას, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იმართება. დამკვირდებული ფორმატის მიხედვით, შეხვედრები 2 დღეს გრძელდება - პირველი დღის „საქმიანი“ ნაწილი (ორმხრივი შეხვედრები) თბილისში, სასტუმროს (რედისონი, მარიოტი) საკონფერენციო დარბაზში ტარდება. მეორე დღეს, შეხვედრები „არაფორმალურ“ გარემოში, ქალაქგარეთ, ძირითადად, კახეთის რეგიონის დასასვენებელ კომპლექსებში ტარდება, სადაც უცხოელი სტუმრები, შეხვედრებისა და საქმიანი კომუნიკაციების პარალელურად, ეცნობიან ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობებს, რეგიონის ტრადიციებს...

 

მონაწილეები

TMG-ს ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. მონაწილეთა შორის არიან მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორები, დატა-ცენტრის წარმომადგენლები, კაბელების და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები. შეხვედრებს ესწრებიან კომპანიების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. სპეციალური მოწვევით, შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს კომუნიკაციების წამყვანი პირები (წარმომადგენლები ეროვნული კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიიდან, ეკონომიკის სამინისტროდან), რომლებიც საუბრობენ და ინფორმაციას აწვდიან სხვა მონაწილეებს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული სიახლეების, ტენდენციების, გამოწვევბისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.  

2014 წლის შეხვედრების მონაწილეთა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.